ალი კადიროვმა სერბეთის მოქალაქეობა მიიღო — ანტიკორუფციული ფონდი პასპორტის გაუქმებას ითხოვს

ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის ვაჟს, ალი კადიროვს სერბეთის მოქალაქეობა მიენიჭა. ამის შესახებ ნავალნის მიერ დაფუძნებული ანტიკორუფციული ფონდი იუწყება. ორგანიზაციის განცხადებით, გადაწყვეტილება სერბეთის ოფიციალურ მაცნეში აღმოაჩინეს.
ფონდის ცნობით, ალი კადიროვმა პასპორტი 2025 წლის ივლისში, 18 წლის ასაკში მიიღო. დოკუმენტი, როგორც ორგანიზაცია ამტკიცებს, „განსაკუთრებული დამსახურებისთვის“ გაიცა და მასში სახელი ალი მუსაევი იყო მითითებული. ფონდი ასევე აცხადებს, რომ ამავე სახელზე მას საიდუმლო რუსული პასპორტიც აქვს, რომელსაც წლების განმავლობაში საზღვარგარეთ კერძო თვითმფრინავებით მგზავრობისას იყენებდა.
ორგანიზაციამ სერბეთის ხელისუფლებას მიმართა და ალი კადიროვისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა მოითხოვა. მის განცხადებაში მოქალაქეობის მიღების სხვა შემთხვევებიც არის ნახსენები, მათ შორის რუსეთის ვერტმფრენების ჰოლდინგის ხელმძღვანელის, ნიკოლაი კოლესოვისა და მისი ნათესავების, ასევე მებრძოლ ფიოდორ ემელიანენკოსა და რუსი პოლიტიკოსის, მუსლიმ ამირასლანოვის შემთხვევები.
Meduza-ს ცნობით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ სერბეთი რუსეთიდან წასული მოქალაქეებისთვის პოპულარულ მიმართულებად იქცა. სერბეთის პასპორტი კი მის მფლობელს რუსეთსა და ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ გადაადგილების შესაძლებლობას აძლევს.
სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ 2026 წლის დასაწყისში სერბეთმა მოქალაქეობა იაკუბ ზაქრიევს მიანიჭა, რომელიც რამზან კადიროვის დისშვილი და კომპანია „დანონ რუსეთის“ გენერალური დირექტორია. მას შემდეგ, რაც მედიამ გადაწყვეტილების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, სერბეთის ხელისუფლებამ მისი მოქალაქეობის მინიჭება გააუქმა.
წყარო ↗