კირილ გუდაევს მოსკოვში საქართველოს ეკლესიის დელეგაცია შეხვდა

Kiril Gudaev
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის წევრები მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილ გუდაევს შეხვდნენ. საქართველოს საპატრიარქოს ცნობით, შეხვედრა 21 ნოემბერს, საპატრიარქო რეზიდენციაში გაიმართა, თუმცა განცხადებაში საუბრის შინაარსი და განხილული საკითხები დაკონკრეტებული არ ყოფილა. დელეგაცია მოსკოვში 19 ნოემბერს გაემგზავრა, რათა კირილის დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიეღო მონაწილეობა. შემადგენლობაში იყვნენ პატრიარქის ქორეპისკოპოსი, მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე, საგარეო ურთიერთობათა განყოფილების თავმჯდომარე, მიტროპოლიტი გერასიმე შარაშენიძე, მიტროპოლიტი ანდრია გვაზავა, ეპისკოპოსი ვახტანგ ლიპარტელიანი და პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე. საპატრიარქოს ინფორმაციით, 20 ნოემბერს დელეგაციის წევრები კირილის დაბადების დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ლიტურგიას დაესწრნენ. მსახურება მოსკოვის მაცხოვრის სახელობის საკათედრო ტაძარში გაიმართა და მას სხვა მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მომდევნო დღეს ქართველმა სასულიერო პირებმა დონის მონასტერი მოილოცეს და იქ დაკრძალული ქართველი მეფეების, დედოფლებისა და უფლისწულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს. მოგვიანებით ისინი მოსკოვის ქართულ ტაძარშიც მივიდნენ, სადაც ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა სულებისთვის ილოცეს. დღის ბოლოს დელეგაცია კირილს რეზიდენციაში შეხვდა. საპატრიარქოს მოკლე ცნობაში სხვა დეტალები არ გამოქვეყნებულა. შეხვედრის შესახებ დამატებითი ინფორმაცია, მათ შორის, რა საკითხები განიხილეს მხარეებმა, ოფიციალურ განცხადებაში მითითებული არ არის.
წყარო ↗