მაკა ბოჭორიშვილმა ილჰამ ალიევთან შეხვედრის მთავარი თემები გაამხილა

საქართველოს ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას და ფოტოს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ავრცელებს, თავად ბოჭორიშვილმა კი სოციალურ ქსელში საუბრის შინაარსი შეაჯამა.
მინისტრის განცხადებით, ვიზიტი ალიევთან შეხვედრით დაიწყო და საუბარი საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიულ პარტნიორობას შეეხო. მხარეებმა, მისი თქმით, რეგიონში მიმდინარე პროცესები და მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაც განიხილეს. ბოჭორიშვილმა შეხვედრას საინტერესო და შინაარსიანი უწოდა.
მისივე ინფორმაციით, საუბარში ყურადღება დაეთმო ერთობლივ ეკონომიკურ და ენერგეტიკულ პროექტებს, ასევე „შუა დერეფნის“ განვითარების ახალ შესაძლებლობებს. მინისტრის თქმით, ორ ქვეყანას ბევრი საერთო ინტერესი აკავშირებს და მნიშვნელოვანია, არსებული პარტნიორობა და მეგობრობა კიდევ უფრო გაძლიერდეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბოჭორიშვილი ბაქოში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მისი შეხვედრები აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან, მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვასთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვთან.
წყარო ↗